07
წვდომა, განაწილება და განთავსება

ვინ უნდა მიიღოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პრიორიტეტულად, ვაქცინის შეზღუდული მიწოდების დროს?

შეუძლებელია ყველას ერთდროული ვაქცინაცია, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპებზე, როდესაც ვაქცინების მიწოდება შეზღუდულია. ამ შეზღუდული რაოდენობის ვაქცინების განაწილების რეკომენდაციებს აქვს სამი მიზანი: მინიმუმამდე დაიყვანოს სიკვდილიანობა და მძიმე ავადობა, უზრუნველყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობა და საბოლოოდ შეამციროს დაავადების საერთო ტვირთი შემდგომი სოციალური და ეკონომიკური შეფერხების თავიდან ასაცილებლად.

სწორედ ამიტომ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი დოზები უნდა მიეცეს ჯანდაცვის მუშაკებს, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს და გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების მაცხოვრებლებს.

პრიორიტეტულია 60 წელზე უფროსი ასაკის პირებისა და გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების მაცხოვრებლების ვაქცინაცია, რადგან მათ აქვთ მძიმე ავადმყოფობის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის მაღალი რისკი COVID-19-ის გამო.

ჯანდაცვის პერსონალი აგრძელებს ამ მომაკვდინებელ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას. გადაუდებელი დახმარების გაწევისას მათთვის, ვისაც საეჭვო შემთხვევა აქვს ან დადასტურებულად ინფიცირებულია ვირუსით, რომელიც იწვევს COVID-19-ს, სამედიცინო პერსონალი იმყოფება COVID-19-ით დაინფიცირებისა და დაავადების მაღალი რისკის ქვეშ.

გარდა ამისა, როდესაც ჯანდაცვის მუშაკები თავად ავადდებიან COVID-19-ით, ისინი ვერ მუშაობენ და პაციენტებს აუცილებელ მომსახურებას ვერ უწევენ. ჯანდაცვის პერსონალს, რომელიც ინფიცირდება COVID-19-ით, ასევე შეუძლია ვირუსის გავრცელება მათზე, ვისზეც ზრუნავენ - ჰოსპიტალიზებული პაციენტებისა და გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების რეზიდენტების ჩათვლით. ამ ინდივიდთაგან ბევრს შეიძლება ჰქონდეს სამედიცინო თანმხლები დაავადებები, რომლებიც ზრდის მათთვის მძიმე COVID-19-ის განვითარების რისკს. მედიცინის მუშაკთა პრიორიტეტიზაციას მხარს უჭერს ასევე ორმხრივობის პრინციპი; ისინი კრიტიკულ როლს ასრულებენ COVID-19-ზე რეაგირებაში, მუშაობენ ინტენსიურ და რთულ პირობებში, სხვების გულისთვის მაღალი რისკის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ პოტენციურად თავიანთი ოჯახის წევრებს.

  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდება შეზღუდულია,
  • საჭიროა მათი ყველაზე რაციონალური და ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა,
  • დაუყოვნებელი მიზანია სიკვდილიანობისა და მძიმე ავადობის შემცირება და სიცოცხლის ხელშემწყობი აუცილებელი სერვისების ფუნქციონირების შენარჩუნება,
  • ამიტომ პირველი დოზები უნდა მიეცეს მათ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან: ჯანდაცვის მუშაკებს და ხანდაზმულებს.
თაგები
სარჩევი