ყველაზე ხშირი არასასურველი მოვლენებია: ტკივილი ინექციის ადგილზე (92%), დაღლილობა (70%), თავის ტკივილი (64.7%), მიალგია (კუნთების ტკივილი) (61.5%), ართრალგია (სახსრის სიმტკიცე) (46.4%), შემცივნება (45.4%), გულისრევა/ღებინება (23%), ცხელება (15.5%) და შეშუპება ინექციის ადგილზე (14.7%). ეს რეაქციები ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი და გარდამავალია, ქრება ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში. ეს რეაქციები უფრო ხშირია მეორე დოზის შემდეგ და მათი სიხშირე მცირდება ასაკთან ერთად.
გარდა ამისა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა მიოკარდიტი და პერიკარდიტი (გულის კუნთისა და გულის პარკის ანთება). ეს დაავადებები ძირითადად განვითარდა ვაქცინაციიდან პირველი 14 დღის განმავლობაში, უფრო მეტი სიხშირით ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ და უფრო ხშირი იყო ახალგაზრდა მამაკაცებში. მიოკარდიტი და პერიკარდიტი უმეტეს შემთხვევაში მსუბუქ ფორმაშია და ქრება მკურნალობითა და დასვენებით.
ასევე აღწერილია დაგვიანებული კანის რეაქციები ინექციის ადგილზე ან მის მახლობლად, რომლებიც ვითარდება საშუალოდ 7 დღის განმავლობაში (2-დან 12 დღემდე) Moderna-ს ვაქცინის მიღებიდან, რაც იწვევს კანზე მსხვილ ლაქებს და შეშუპებას, ქავილი და მტკივნეული ნადები. ეს რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს უფრო ადრეც, ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ. ისინი ჩვეულებრივ ქრება დაახლოებით 5 დღეში, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს 21 დღემდე. თუმცა, ასეთი რეაქციის განვითარება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ არ წარმოადგენს უკუჩვენებას იმავე ვაქცინის მეორე დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით.
დაფიქსირდა ანაფილაქსიის შემთხვევები. ამჟამინდელი შეფასებები მიუთითებს, რომ ანაფილაქსია COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინებით ხდება 2,5-დან 11,1 შემთხვევის სიხშირით 1 მილიონ დოზაზე და, უმეტესწილად, ალერგიული რეაქციების ისტორიის მქონე პირებში. ანაფილაქსია განკურნებადია, თუ ადრეული ამოცნობა და დროული მკურნალობა მოხდება. თუ ადამიანს განუვითარდება მძიმე ალერგიული რეაქცია COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინის (Pfizer-BioNTech ან Moderna) მიღების შემდეგ, იმავე ვაქცინის შემდეგი დოზა აღარ უნდა გაკეთდეს.
განახლებული ინფორმაცია (მარტი 2023):
ბუსტერ დოზის შემდეგ, რეაქტოგენობა და გვერდითი მოვლენები ზოგადად საწყისი 2-დოზიანი სქემის მეორე დოზის შემდგომი პერიოდის მსგავსი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეაქტოგენობის პოტენციაცია ან უსაფრთხოების ახალი სიგნალები, მესამე დოზის გაკეთების შედეგად, არ გამოვლენილა.