როგორც ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, აუცილებელია COVID-1-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ზედმიწევნით მონიტორინგი მათი გამოყენებისას. თუ პრობლემა დაფიქსირდა ვაქცინაციის შემდეგ, ჯანდაცვის ორგანოები ჩაატარებენ საფუძვლიან გამოკვლევას, რათა შეაფასონ, არის თუ არა აღნიშნული გვერდითი მოვლენა მიზეზობრივად დაკავშირებული ვაქცინაციასთან.
ამ გამოკვლევების დროს ძალზე იშვიათია, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გამოწვეული იყოს თავად ვაქცინით. ყველაზე ხშირად ირკვევა, რომ გვერდითი მოვლენები და ვაქცინაცია დროში დაემთხვა ერთმანეთს და ისინი შეიძლება არანაირად არ იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან. ზოგჯერ არასასურველი მოვლენების განვითარება გამოწვეულია ვაქცინის შენახვის, ტრანსპორტირების ან გამოყენების წესების დარღვევით.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვი რეალური არასასურველი მოვლენის არსებობაზე, ან დაფიქსირდა გვერდითი მოვლენების შესახებ მომართვების აკუმულირება, ვაქცინის (ან ვაქცინის კონკრეტული ნაწილის) გამოყენება შეიძლება შეჩერდეს. ჩატარდება შემდგომი გამოკვლევები იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ეს მოვლენა და გატარდება მაკორექტირებელი ზომები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მუშაობს ვაქცინის მწარმოებლებთან, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა მუდმივად გაკონტროლდეს უსაფრთხოების საკითხები და პოტენციური გვერდითი მოვლენები.