III ფაზის კვლევების წარმატებით დასრულების შემდეგ და პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ, IV ფაზის კვლევები, რომელსაც ასევე უწოდებენ პოსტმარკეტინგული ზედამხედველობის კვლევებს, გამოიყენება ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონიტორინგის გასაგრძელებლად მოსახლეობაზე გამოყენების შემდეგ. IV ფაზის კვლევები გვაწვდის დამატებით ცოდნას ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, მას შემდეგ რაც ის ბაზარზე გამოვა და სისტემატურად გამოიყენება მოსახლეობაში. გარდა იმ უკიდურესად იშვიათი გვერდითი რეაქციების იდენტიფიცირებისა, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციის დროს და რომლებიც არ გამოვლენილა კვლევის წინა ფაზებში, ვაქცინაციის ეფექტურობა ასევე ფასდება, როგორც მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ნაწილი.
2021 წელს მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიარდობით დოზა იქნა ადმინისტრირებული. კარგად მოქმედი ზედამხედველობის სისტემების წყალობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ფართო გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე ძალიან იშვიათი და მანამდე ამოუცნობი არასასურველი მოვლენა. ანაფილაქსიის ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა COVID-19-ის საწინააღდმეგო ვაქცინების უმეტესობისთვის. ანაფილაქსია განკურნებადია, თუ ნიშნები და სიმპტომები ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება და დროული მკურნალობა ჩატარდება.
მიოკარდიტის და პერიკარდიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა mRNA ვაქცინებით ვაქცინაციის შემდეგ, ძირითადად ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ და უფრო ხშირად ახალგაზრდა მამაკაცებში. მიოკარდიტი და პერიკარდიტი უმეტეს შემთხვევაში იყო მსუბუქი და ქრებოდა სათანადო თერაპიითა და დასვენებით.
თრომბოციტოპენიასთან დაკავშირებული უკიდურესად იშვიათი თრომბოემბოლიური მოვლენების მცირე რაოდენობა დაფიქსირდა AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის პროდუქტებით ვაქცინაციის შემდეგ.
გიიენ-ბარეს სინდრომის (GBS) იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა იგივე ორი ვაქცინით ვაქცინაციის შემდეგ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განიხილა ყველა მტკიცებულება ამ იშვიათი მოვლენების შესახებ და დაასკვნა, რომ ამ ვაქცინების სარგებელი მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის პრევენციაში ბევრად აღემატება მცირე რისკებს. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ქვეყნები ატარებენ კვლევებს და ახორციელებენ მოქმედებებს ამ მცირე რისკების შემდგომში შესამცირებლად.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა გადის მკაცრ მონიტორინგს და ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გააგრძელებს ამ ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებული ყველა შემოსული მონაცემების განხილვას, რათა უზრუნველყოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამების მაქსიმალური უსაფრთხოება.