ადგილობრივი ხელისუფლება განსაზღვრავს, ვინ, როდის და რომელი ვაქცინა უნდა მიიღოს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ინფექციის გავრცელებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები, რისკი მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ვაქცინაციით მოცვა და ვაქცინების ხელმისაწვდომობა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ორიგინალი ვაქცინები კვლავ ეფექტურია COVID-19-თან დაკავშირებული მძიმე დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად და მათი გამოყენება კვლავ გაგრძელდება ვაქცინაციის კამპანიებში, კერძოდ, პირველადი ვაქცინაციისთვის.
განახლებული ბივალენტური ვაქცინები (მაგ., Moderna Spikevax ორიგინალი და ომიკრონ BA.1-ის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა, Pfizer-BioNTech Comirnaty ორიგინალი და ომიკრონ BA.1-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და Pfizer/BioonTech Comirnaty ორიგინალი და ომიკრონ BA.4-5-ის საწინააღმდეგო ვაქცინა) რეკომენდებულია ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებსა და ზრდასრულებში ბუსტერ დოზის სახით გამოსაყენებლად COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველადი ვაქცინაციიდან (ან უკვე მიღებული ბუსტერ დოზის ადმინისტრირებიდან) სულ მცირე 3 თვის შემდეგ.
აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) რეკომენდაციაა, რომ ამ ბივალენტური ვაქცინების ბუსტერის ადმინისტრირება ჩატარდეს ერთჯერადი დოზის სახით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 2 თვის შემდეგ. Moderna Spikevax ბივალენტური ორიგინალი და ომიკრონ BA.1 ვაქცინის გამოყენება ნებადართულია ერთჯერადი ბუსტერ დოზის სახით 18 წლის და უფროსი ასაკის პირებში. Pfizer-BioNTech Comirnaty ორიგინალი და ომიკრონ BA.1 და Pfizer-BioNTech Comirnaty ორიგინალი და ომიკრონ BA.4-5 ვაქცინის გამოყენება ნებადართულია ერთჯერადი ბუსტერ დოზის სახით 12 წლის და უფროსი ასაკის პირებში.