ვირუსები მუდმივად მუტაციას განიცდიან და ეს იწვევს ახალი ვარიანტების გაჩენას. ლოგიკურია მოლოდინი, რომ ათასობით ვარიანტიდან, რომელიც გამოწვეულია SARS-CoV-2 ვირუსის გენომის მუტაციით, ზოგიერთი ვარიანტი საბოლოოდ შეიძენს ბიოლოგიურ უპირატესობას და გახდება უფრო გადამდები, კლინიკურად აგრესიული და რეზისტენტული თერაპიის ან ვაქცინების მიმართ. გარდა ამისა, კონკრეტული ვარიანტის შტამის დომინირება შეიძლება გამოწვეული იყოს უბრალო შემთხვევითობით ან მოსახლეობის სოციალური ქცევით.
რადგანაც მოსალოდნელია SARS-CoV-2 ვირუსის მუტაციები, აუცილებელია ვირუსის ახალი ვარიანტების გავლენის უწყვეტი მონიტორინგი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სისტემატურად სწავლობს SARS-CoV-2 ვირუსის ვარიანტებს, რათა გამოავლინოს მათი ინფექციურობის ზრდა, კლინიკური მიმდინარეობის ცვლილებები და დაავადების სიმძიმე და შეაფასოს მათი გავლენა პანდემიის საწინააღდეგო ზომებზე, მათ შორის დიაგნოსტიკური ტესტების, წამლებისა და ვაქცინების ეფექტურობაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედი რეკომენდაციები ინფექციის კონტროლის ღონისძიებების შესახებ რჩება აქტუალური და საჭიროებს ადაპტირებას შემთხვევების მატებასთან ერთად, მიუხედავად იმისა, ეს ზრდა გამოწვეულია ვირუსის ახალი ვარიანტით თუ არა.